Disable Preloader

ბლოგი

რა იწვევს და როგორ ვლინდება ღრძილების რეცესია

18 იანვარი 2024

რა არის ღრძილების რეცესია?

თუკი გვსურს გვქონდეს ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ჩვენი კბილებისა და ღრძილების ვიზუალურ მხარეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც კბილების ირგვლივ ღრძილი არათანაბარი ფორმისა თუ  სიმაღლისაა და ამის გამო, ღიმილის დროს კბილები სხვადასხვა ზომის ჩანს. ამ დროს ირღვევა პაციენტის პირის ღრუს ჰარმონიულობა და შესაბამისად, ღიმილიც არაესთეტიკურია.

თუმცა თუ ღრძილების რეცესიასთან გვაქვს საქმე, მაშინ ესთეტიკურ მხარესთან ერთად ფუნქციური დარღვევები იჩენს თავს. თანამედროვე სტომატოლოგიაში, მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ღრძილის ქსოვილების განლევა ანუ ღრძილის რეცესია. ღრძილის რეცესიის პროცესი გულისხმობს ღრძილის თანდათანობით აწევასა და ფესვის გაშიშვლებას. თანდათანობით, ღრძილის ქსოვილი აღარ ფარავს კბილის ფესვს, რაც, თავის მხრივ, ვიზუალურად კბილს უფრო გრძელს და არაესთეტიკურს აჩენს. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა როგორც ახალგაზრდა, ასევე შუახნის ასაკის პაციენტებში. თავდაპირველად  ეს პრობლემა ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება,  ხშირად, პაციენტმა არც კი იცის, რომ აღენიშნება ღრძილების განლევა და ვიზუალური პრობლემა თავს მხოლოდ ბოლო ეტაპზე იჩენს. რაც შეეხება პირველად სიმპტომებს, რეცესიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს კბილის მომატებული მგძნობელობა, ასევე, ვიზუალურად კბილებზე აღინიშნება ფორმის ცვლილებები.

ღრძილების რეცესიის (განლევის) გამომწვევი ფაქტორები

ღრძილის რეცესიის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად პაციენტის პირის ღრუს ინდივდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად აღენიშნება ღრძილის  თხელი ბიოტიპი, რაც რეცესიისადმი მიდრეკილებას ზრდის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ბუნებრივად თხელი და სუსტი ღრძილები, პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირად დაგეგმოთ ვიზიტი სტომატოლოგთან და გამოიყენოთ ისეთი კბილის პასტები და სავლები საშუალებები, რომლებიც გააძლიერებენ და გააჯანსაღებენ თქვენს ღრძილებს და თავიდან აგაცილებთ სამომავლო გართულებებს.

გენეტიკური ფაქტორების გარდა ღრძილების განლევა (რეცესია)  შეიძლება გამოიწვიოს:

  • პაროდონტის დაავადებები - პაროდონტიტი;
  • მოსახსნელი პროთეზები  - პროთეზის მეტალის  სამაგრები შესაძლოა ტრავმას აყენებდეს საყრდენ კბილებს და იწვევდეს ღრძილების რეცესიას;
  • ტუჩების ბუნებრივი ლაგამი -  ზოგჯერ, გენეტიკურად ტუჩის ლაგამი ისეა განლაგებული კბილებთან მიმართებაში, რომ საუბრისა და კვებისას მუდმივად ქაჩავს ღრძილის ქსოვილს, რაც, რეცესიის მაპროვოცირებელია;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • კბილების უხეში, ინტენსიური და ძალდატანებით გამოხეხვა;
  • აბრაზიული კბილის პასტის მუდმივი გამოყენება;
  • პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და დაგროვებული ბაქტერიული ნადები (კბილის ქვები);
  • ღრძილის რეცესია, ასევე ხშირად გვხვდება იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ორთოდონტიულ მკურნალობას (ბრეკეტებით კბილების გასწორებისას).

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

უმეტესწილად, ღრძილის განლევის პრობლემის მქონე პაციენტები სტომატოლოგებს მიმართავენ დაავადების ბოლო ეტაპზე. ნორმალურ შემთხვევაში, ღრძილი კბილის ფესვს მთლიანად ფარავს და პირის ღრუში მხოლოდ კბილების გვირგვინები ჩანს, თუმცა, რეცესიის დროს, ეს ნორმა ირღვევა და კბილის ფესვის დანახვა თავისუფლად შეიძლება. შესაბამისად, პაციენტისათვის რეცესიის სიმპტომური გამოვლინება, პირველ რიგში, არის ესთეტიკური დისკომფორტი. ღრძილის ზემოთ აწევის გამო (ქვედა ყბაზე ქვემოთ დაწევისას) პირის ღრუში ჩნდება  კბილის ფესვი, ამიტომ, კბილი ვიზუალურად დაგრძელებული გვეჩვენება. ასევე, პაციენტს დისკომფორტს უქმნის მომატებული მგრძნობელობა. თუ კბილის ფესვი არ არის დაფარული ღრძილით, აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა, ძირითადად მაშინ, როცა პაციენტი მიირთმევს ცივ სასმელს. ღრძილის რეცესიის დროს, პაციენტები არიან კარიესის საფრთხის ქვეშ, რადგან კბილის ფესვი აღარ იფარება ღრძილით და ადვილად მისაღწევია ბაქტერიებისთის, რაც, თავისთავად გულისხმობს  ფესვზე ღრუების (კარიესის) წარმოქმნის საშიშროებას. 

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის პროფესიონალები გირჩევენ, ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენისთანავე მიმართოთ პროფესიონალს. თუ ვიზუალური დათავალიერების შემდეგ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი კბილები „დაგრძელდა“, ხოლო ღრძილები „დამოკლდა“, აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან.

როგორია ღრძილის რეცესიის მკურნალობა?

ღრძილის რეცესიის მკურნალობა დამოკიდებულია რეცესიის ხარისხზე - თუ რამდენად მაღალია ღრძილის განლევის ხარისხი. ანატომიურად ღრძილის უკან გაზრდა არ ხდება, თუმცა, შესაძლებელია მიკროქირურგიული ჩარევით ღრძილის ქსოვილების მობილიზება და კბილის ფესვის დაფარვა.  პაციენტის პირის ღრუსა და სახის ნაკვთებთან ჰარმონიული ეფექტის მისაღწევად ყველაზე აპრობირებული მეთოდია მათემატიკური პრინციპების გამოყენება, რაც ითვალისწინებს პაციენტებში დარღვეული ესთეტიკის დროს, გვირგვინებისა და ღრძილების ‘ოქროს კვეთის’ პრინციპით, ბიოლოგიური საზღვრების წინასწარ დადგენას და ქირურგიული ჩარევის დროს, ამ საზღვრების დაცვას.

თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგია პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია არა მარტო ჯანმრთელი ღრძილებისა და პირის ღრუს შენარჩუნება, არამედ უკვე არსებული ხარვეზების ინვაზიური მეთოდით გამოსწორებაც. ღრძილების რეცესიის დროს გამოყენებული ქირურგიული ჩარევა, უზრუნველყოფს პაციენტის პირის ღრუს სიჯანსაღეს და უბრუნებს მას ჯანსაღ, მომხიბვლელ ღიმილს.