ორთოდონტულ მკურნალობასთან დაკავშირებით ბევრ ფართოდ გავრცელებულ მითს მოისმენთ, მათ შორის იმასაც, რომ ბრეკეტებს გაკეთება მხოლოდ მოზარდობის ასაკშია რეკომენდირებული, რადგან ზრდასრულთათვის კბილების გასწორება უკვე შეუძლებელი ან ნაკლებად ეფექტურია. რასაკვირველია, თანამედროვე კვლევებმა და ტექნოლოგიების მასშტაბურმა დანერგვამ სტომატოლოგიაში, ეს მითები დაამსხვრია. სინამდვილეში, კბილების მოძრაობა შესაძლებელია წარიმართოს ნებისმიერ ასაკში, რადგან ორთოდონტიული მკურნალობა ეყრდნობა ძვლოვანი ქსოვილის ბუნებრივ რეგენერაციას და ადაპტაციას. შესაბამისად, ბრეკეტების ტარება შესაძლებელია 30, 40, 50 ან უფრო დიდ ასაკშიც და ეს პროცესი თითქმის იმგვარად ეფექტურია, როგორც ბავშვობის პერიოდში. კანადის ორთოდონტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ყოველი მეხუთე პაციენტი არის 21 წელზე ზემოთ. ბევრი ზრდასრული იწყებს მკურნალობას რადგან კარგად აცნობიერებენ,რომ არასწორმა თანკბილვამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა რისკ ფაქტორები, როგორიცაა ღრძილების ანთება და სისხლდენა – გინგივიტი, კბილთაშორისი ჯიბეები – საკვების ჩარჩენა და უსიამოვნო სუნი, სახსრის პათოლოგიები – ცვეთა, პირის გაღების გაძნელება, ტკაცუნი, ღეჭვის ფუნქციის დაქვეითება, კბილების ცვეთა – ბზარები კბილებზე და ღრძილების ფორმის ცვლილება (რეცესია) , ასევე დაწეული ან აწეული ღრძილები.
მოზრდილ ასაკში ორთოდონტიული მკურნალობის უპირატესობები
ბრეკეტებით არასწორი თანკბილვის აღმოფხვრას, ზრდასრულ ასაკშიც უამრავი სარგებელს მოაქვს. პირველ რიგში, სწორ კბილებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, ეს იქნება - მეტყველება, ღეჭვის ფუნქცია, ესთეტიკურობა თუ პირის ღრუს დაავადებების პრევენცია,რადგან არასწორი განლაგება იწვევს არათანაბარ დატვირთვას კბილებზე, რაც დროთა განმავლობაში აჩქარებს მათ ცვეთას და შეიძლება გამოიწვიოს კარიესი, პაროდონტიტი თუ სხვადასხვა პრობლემები. შესაბამისად ნებისმიერ ასაკში არის სასურველი სწორად განლაგებული თანკბილვის შექმნა, რომელიც ბევრად მარტივი მოსავლელია ყოველდღიური ჰიგიენის კუთხითაც.
გარდა ჯანმრთელობის საკითხებისა, სწორ კბილებს დიდი ზეგავლენა აქვთ ესთეტიკასა და თვითშეფასებაზე. ბევრი ადამიანი, რომელიც მოზრდილ ასაკში იწყებს ორთოდონტიულ მკურნალობას, აცხადებს, რომ მკურნალობის შემდეგ მათ მეტი თავდაჯერებულობა იგრძნეს და განთავისუფლდნენ დისკომფორტისგან სოციალური ურთიერთობების პროცესში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ პროფესიულ სფეროებში, სადაც ვიზუალური იმიჯი და ესთეტიკური ღიმილი დიდ როლს ასრულებს.
ორთოდონტიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
დღესდღეობით, ორთოდონტული მკურნალობის წარმართვისათვის უამრავი მეთოდია ხელმისაწვდომი, რაც ზრდასრულ პაციენტებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ მათთვის ყველაზე კომფორტული და სასურველი მიდგომა. თანამდეროვე სტომატოლოგიაში შემდგომი ტიპის ბრეკეტებია ყველაზე ფართოდ გამოყენებადი:
მეტალის ბრეკეტები - დღესდღეობით კლინიკურ პრაქტიკაში, ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კონსტრუქციად მიიჩნევა. მეტალის ბრეკეტები მაგრდება კბილის გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად), იგი არის მტკიცე, საიმედო და რაც მთავარია, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ხელმისაწვდომია.
კერამიკული ბრეკეტები - მეტალის ბრეკეტების მსგავსად, კერამიკული ბრეკეტებიც კბილის გარეთა ზედაპირზე მაგრდება. მისი ფერი შესაძლებელია ნებისნიერი ტონის კბილთან იყოს შესაბამისობაში, რის გამოც იგი მეტალის ბრეკეტებთან შედარებით ნაკლებად შესამჩნევია. სწორედ ვიზუალური ეფექტის გამო, დღეს პაციენტთა უმრავლესობა კერამიკულ ბრეკეტებს ირჩევს.
თვითლიგირებადი ბრეკეტები - მეტალისა და კერამიკის ბრეკეტების მსგავსად კბილზე გარედან მაგრდება. თვითლიგირებადი ბრეკეტების განსხვავებულ მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ბრეკეტები თავად იჭერენ რკალს, რაც ნიშნავს იმას, რომ რკალი არ არის მიმაგრებული უშუალოდ ბრეკეტზე. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არ საჭიროებს რეზინებს და არის სრულად მეტალის კონსტრუქცია, იძლევა ჰიგიენის დაცვის მარტივ შესაძლობას
გამჭირვალე კაპები(ელაინერები) - ზრდასრულთა შორის განსაკუთრებით პოპულარულია გამჭვირვალე ელაინერები, როგორიცაა Invisalign. ისინი პრაქტიკულად უხილავია და პაციენტებს შეუძლიათ მათი მოხსნა კვებისა და კბილების გახეხვის დროს, რაც ჰიგიენის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ელაინერები განსაკუთრებით კომფორტულია იმ პირებისთვის, რომელთაც არ სურთ ტრადიციული ბრეკეტების ტარება ხილვადობის ან შეზღუდვების გამო.
ზრდასრულ ასაკში ბრეკეტების ტარების სპეციფიკა
მიუხედავად იმისა, რომ დეფექტური თანკბილვის შეცვლა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, ზრდასრულებს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც მკურნალობის დაგეგმვაში უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობა შეიძლება იყოს განსხვავებული ასაკთან ერთად, რაც გავლენას ახდენს კბილების გადაადგილების სიჩქარეზე. ასევე, ზოგჯერ საჭიროა პაროდონტოლოგიური მკურნალობა, თუ პაციენტს ღრძილების პრობლემები აქვს.
ზრდასრულ ასაკში, ბრეკეტების ტარებისას, დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის დაცვას, რადგან ბრეკეტები ართულებს კბილების მოვლას. აუცილებელია რეგულარული წმენდა წყლის ირიგატორითა და ინტერდენტალური ჯაგრისებით, კვებიდან არანაკლებ 10 წუთის ინტერვალში, რათა თავიდან ავიცილოთ კარიესი და ღრძილების ანთება. ამ პროცესში ექიმი-ორთოდონტი და სტომატოლოგი აქტიურად თანამშრომლობენ, რათა პაციენტის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს.
ხანგრძლივობა და შედეგები
ბრეკეტების ტარების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შემთხვევის სირთულეზე. ზოგადად, ზრდასრულ პაციენტებში მკურნალობა საშუალოდ 18-30 თვეს გრძელდება. თუმცა, ეს დრო მნიშვნელოვნად მცირდება, თუ პაციენტს სჭირდება მხოლოდ მცირე კორექტირება ან იყენებს უფრო სწრაფად მოქმედ ალტერნატიულ მეთოდებს, როგორიცაა ელაინერები.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ საჭიროა რეტეინერების ტარება, რათა შედეგები შენარჩუნდეს. ასაკის მატებასთან ერთად კბილები ბუნებრივად იცვლის მდგომარეობას, ამიტომ მათი სტაბილიზაციისთვის რეტენციული ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დასკვნა – არასდროს არის გვიანი სწორი და ესთეტიკური ღიმილის შექმნა
ბრეკეტების ტარება არცერთ ასაკში არ არის შეზღუდული, რა თქმა უნდა, თუ ადამიანს სურს უკეთესი ღიმილი, ჯანმრთელი კბილები და გაძლიერებული თვითშეფასება, ორთოდონტიული მკურნალობის წარმართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თანამედროვე ტექნოლოგიები და მკურნალობის მეთოდები, რომლებსაც პროფესიონალი სტომატოლოგები “ბლიც დენტალში-კახაბერ ხარებავას კლინიკაში” იყენებენ, პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას,აირჩიონ მათზე მორგებული, კომფორტული და ეფექტური მეთოდი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა შეირჩეს მკურნალობის გზა, რაც საუკეთესო შედეგს უზრუნველყოფს და ხანგრძლივ პერსპექტივაში პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.