რა კავშირშია ჩვენი კვების რაციონი და კარიესის განვითარება?
13 ივლისი 2023
შაქარი და კარიესი
კარიესი თანამედროვე სამყაროს ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა. 2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95 პროცენტი უჩივის კარიესის მძიმე ან მსუბუქ ფორმას. ჩვენს მკითხველს ალბათ გააკვირვებს ის, რომ ადამიანები უძველეს პერიოდში კარიესით შედარებით ნაკლებად ავადდებოდნენ. ყველაფერი მე-18 საუკუნის დასაწყისში ინდუსტრიულმა რევოლუციამ და ჭარხლისაგან რაფინირებული შაქრის მიღებამ შეცვალა.
რა არის კარიესი?
კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს, მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია. ადამიანის პირის ღრუში ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმია, რომელიც ძალიან სწრაფად მრავლდება. კარიესის გამომწვევი მიზეზი, სწორედ კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმებია. ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ არიან: სტრეპტოკოკები, ლაქტობცილები და აქტინომიცეტები. როგორც წესი, ისინი დაბადებიდან, დედიდან „მემკვიდრეობით“, ძუძუთი კვების დროს გადაეცემა ბავშვს და მათი მოშორება შეუძლებელია. კბილების გახეხვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბაქტერიების რიცხვი შეიძლება მილიონამდე გაიზარდოს. სტრეპტოკოკები გადაამუშავებენ ნახშირწყლებს, რომლებიც საკვებიდან მიიღება და სანაცვლოდ გამოყოფენ მჟავებს, რომელიც აზიანებს კბილებს. ამ პროცესზე განსაკუთრებით საქაროზა მოქმედებს, რომელსაც რაფინირებული შაქარი და შესაბამისად, შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს. კარიესი იწყება იმით, რომ პირში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები.
ძირითადი ფაქტორები რომლებიც უნდა ვიცოდეთ კარიესის შესახებ.
- კვება - კარიესის წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს კვების რაციონი. მრავალრიცხოვანი კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკლვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება და მათიდაყოვნება პირის ღრუში, ზრდის კარიესის განვითარების რისკს.
- გადატანილი დაავადებები - კბილის მინანქარი ხასიათდება მაღალი მინერალიზაციით. გადატანილი დაავადებები, რომლებიც იწვევენ ნერწყვის შემადგენლობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებას, ირიბად მოქმედებენ დემინერალიზაციის პროცესზე და შესაბამისად, შლიან მინანქრის ქსოვილს და იწვევენ კარიესს.
- მიკროორგანიზმების მნიშვნელობა - კბილის მინანქართან მიკროორგანიზმებისა და ნახშირწყლების შეხების გარეშე, კარიესის განვითარება შეუძლებელია. ბაქტერიების სიმრავლე კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი პირდაპირი მიზეზია.
- გარე ფაქტორების ზემოქმედება - ცნობილია, რომ სხივური თერაპიის შეეგად, განსაკუთრებით თავის და კისრის მიდამოში, 6-8 თვის შემდეგ ჩნდება კბილების დაზიანების ნიშნები თეთრი ლაქების სახით, შემდეგ კი ყალიბდება კარიესული ღრუები.
- კბილის ნადები - ესაა ბაქტერიების ერთგვარი მასა, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კბილის ზედაპირს და განსაზღვრულ პირობებში გარკვეულ უბანზე ქმნის მინანქრის დემინერალიზაციისათვის ხელსაყრელ გარემოს. ამ უბანზე მომატებულია მჟავიანობა და ხდება ემალის ქსოვილის ნელი შლა. კბილის ნადები არის გამჭვირვალე, რბილი, წებოვანი მასა, რომელიც თითქმის მთლიანად შედგება ბაქტერიებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებისგან.
- ნერწყვის დაცვითი მნიშვნელობა - ნერწყვის საშუალებით ორგანიზმი ახდენს პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების კონტროლს. პირის ღრუს ნორმალური ფლორა დამცავ ფუნქციას ითავსებს გარედან მოხვედრილი მრავალი პათოლოგიური მიკროორგანიზმებისგან. შესაბამისად, ნერწყვის ჯანსაღ შემადგენლობაში (ორგანიზმში განვითარებული გარკვეული დაავადებებების ფონზე) ნებისმიერი ცვლილება შეიძლება გახდეს კარიესის განვითარების წინაპირობა.
კარიესთნ დაკავშირებული მთავარი გამოწვევა
კარიესთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ისაა, რომ სათანადო მნიშვნელობა არ ენიჭება ზოგადი ჯანმრთელობის დაცვისას, რასაც ემატება შაქრიან ტკბილ სასმელებსა და რაფინირებული შაქრის შემცველ სხვა პროდუქტებზე მოსახლეობის გამარტივებული წვდომა. ყოველივე ზემოაღნიშნული შედეგად გვაძლევს „კარიესის ბუმს“, სადაც მოსახლეობის 95 პროცენტს აღენიშნება დაავადების მსუბუქი ან მძიმე ფორმა.
კარიესის პროფილაქტიკა:
- პირველი წესი, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა. კბილის ნადების მოსაშორებლად, კბილები დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა გაიხეხოთ. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდა და სავლები სითხის გამოყენება.
- გამოიყენეთ კბილის ძაფი, კბილებს შორის დარჩენილი საჭმლის ნარჩენების მოსაშორებლად;
- მესამე წესი სწორი კვებაა. შეამცირეთ რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა და განსაკუთრებით შაქარი, გაზიანი სასმელები და ტკბილეული. შაქრის შემცველი პროდუქტის მიღების შემდგომ კი, აუცილებლად გაიწმინდეთ პირის ღრუ;
- დაიმახსოვრეთ, რომ ყავა ორგანიზმიდან გამოდევნის კალციუმს, ასუსტებს კბილის ემალს და ცვლის მის ფერს;
- კარიესის თავიდან არიდების ერთ-ერთი გზაა, ფთორის შემცველი საშუალებების გამოყენებაა. ფტორი კბილის ემალს საჭირო მინერალებით ამაგრებს და ხდის უფრო მდგრადს;
- ბოლო და ყველაზე მთავარი წესი, კარიესის პრევენციისათვის, სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტის დაგეგმვაა. ჩაიტარეთ კბილების პროფესიონალური წმენდა 6 თვეში ერთხელ, გაითვალისწინეთ თქვენი სტომატოლოგის რჩევები და დატკბით მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.