Disable Preloader

ბლოგი

ჰალითოზი და მისი გამომწვევი მიზეზები

26 ოქტომბერი 2023

პირის ღრუს უსიამოვნო სუნი დღეს-დღეობით საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და მას, მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ორმოცდაათი პროცენტი უჩივის.  ჰალითოზი ამ პრობლემის სამედიცინო სახელწოდებაა და იგი დისკომფორტს უქმნის არა მარტო ამ დიაგნოზის მქონდე ადამიანს, არამედ მის გარშემომყოფებსაც. ევროპის მოწინავე ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანების 50 პროცენტი ამ პრობლემას სათანადო სერიოზულობით არ აღიქვავს და უსიამოვნო სუნის გასაქრობად, სტომატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვის ნაცვლად იყენებს ისეთ საშუალებებს როგორებიცაა - საღეჭი რეზინი, პირის ღრუს სავლები, სპრეი და ა.შ. თუმცა ყველა ეს პროდუქტი არა პრობლემის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლის, არამედ სიმპტომის დროებით შეჩერების საშუალებაა.

რა იწვევს ჰალითოზს?

სამედიცინო თვალსაზრისით, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან განსხვავდება მისი გამომწვევი მიზეზების მიხედვით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში სუნის მიზეზი ერთმნიშვნელოვნად პირის ღრუში დაგროვილი ბაქტერიებია. თბილი და ნოტიო გარემო შესანიშნავი წინაპირობაა მათი გამრავლებისათვის. იმისთვის რომ ზუსტად განვსაზღვროთ რა იწვევს ჰალითოზს უნდა შევაფასოთ ის მიზეზები, რომლებმაც პირის ღრუში ბაქტერიების დაგროვება განაპირობა.

  • საკვები ნარჩენები - კბილებს შორის საკვები ნაწილაკების მოხვედრა და შემდგომ მათი ლპობა იწვევს ბაქტერიების გამრავლებას, რაც პირდაპირპროპორციულად გულისხმობს არასასიამოვნო სუნს.
  • სპეციფიური სუნის მქონე საკვების მიღება - ისეთი საკვები როგორიცაა ხახვი, ნიორი და სანელებლები ტოვებენ პირის ღრუში მათთვის დამახასიათებელ არასასიამოვნო სუნს.
  • თამბაქო - არავისთვის იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის წარმოქმნის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზი, სწორედ თამბაქოა. მწეველთა თითქმის 70 პროცენტი უჩივის ამ პრობლემას.  
  • ჰიგიენის არასათანადო დაცვა - თუ ადამიანი სათანადოდ არ იხეხავს კბილებს და არ ისუფთავებს მათ კბილების საწმენდი ძაფით, საკვების ნარჩენები პირის ღრუში რჩება და უსიამოვნო სუნს აჩენს. ბაქტერიები უფერულ წებოვან მასად ეკვრის კბილის ზედაპირს და თუ დროულად არ მოდხა მათი მოცილება, შესაძლოა ღრძილები გაღიზიანდეს.
  • პაროდონტიტი - უსიამოვნო სუნის თვალსაზრისით დისკომფორტს ქმნის პაროდონტიტიც (პირის ღრუს რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესი). ამ დროს კბილებსა და ღრძილებს შორის არსებული ჯიბეები ბაქტერიების საცობით იხურება და ენის ხაოიანი ზედაპირიც შეიძლება იქცეს ბაქტერიების გამრავლების ადგილად. ჩირქოვანი გამონადენი და ბაქტერიები ერთობლივად ქმნიან არასასიამოვნო სუნს, რომელიც შესამჩნევია როგორც პაციენტისათვის, ასევე მისი გარშემომყოფებისათვის. 
  • პირის სიმშრალე - ნერწყვს პრის ღრუში არ მარტო ლუბრიკანტის არამედ ანტისეპტიკური ფუნქციაც აქვს. ნერწყვის ჯანსაღი რაოდენობა ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას. თუ კონკრეტული სამედიცინო მიზეზის გამო პაციენტს დარღვეული აქვს ნერწყვის სეკრეციის ნორმალური ფუნქცია, ადრე თუ გვიან, პირის ღრუში ჰალითოზი აუცილებლად განვითარდება.
  • პირის ღრუს ინფექციები - არასასიამოვნო სუნი შესაძლოა გამოწვეული იყოს პირის ღრუში ქირურგიული ჩარევის შედეგად წარმოქმნილ ჭრილობებში შეჭრილი ინფეცქიით.
  • კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და სანაღვლე გზების დაავადებები - ადამიანის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშრშია ჯანსაღ პირის ღრუსთან. ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: გასტრიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის კენჭოვანი დაავადებები და ა.შ. იწვევს ჰალითოზის ჩამოყალიბებას.
  • ყელ-ყურ-ცხვირის ნორმალური ფუნქციის დარღვევა - ინფექციები და ქრონიკული ანთებითი პროცესები ცხვირში, სინუსებსა და ყელში, იქნება ეს სეზონური რინიტი თუ მუდმივი ჰაიმორიტი, იწვევს ჩირქოვანი ჩანადენის პირის ღრუსა და საყლაპავ მილში მოხვედრას. ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების გამრავლება და არასასიამოვნო სუნი.
  • სიმსივნური წარმონაქმნები - ზოგიერთი სიმსივნური და კოსტოზური წარმონაქმნი შესაძლოა გახდეს არასასიამოვნო სუნის მიზეზი. ამ დაავადებების გამო ხდება გარკვეული ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნა ორგანიზმში, ასევე კუჭში მჟავიანობის მომატება.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ პროფესიონალთა გუნდი გირჩევთ, ჰალითოზის განვითარების პრევენციისათვის:

  • ყოველდღიურად, საგულდაგულოდ გაწმინდოთ პროთეზი, ბრეკეტები და კაპები; ყოველდღიური ჰიგიენის დაცვისას აუცილებელია გამოიყენოთ თქვენთვის შესაფერისი კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა და ანტიბაქტერიული სავლები. 
  • შეცვალოთ ძველი კბილის ჯაგრისი ახლით ყოველ 3 თვეში ერთხელ;
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს კბილების პროფესიონალური წმენდისთვის.