Disable Preloader

ბლოგი

რას ამბობს კბილების მდგომარეობა შენს ზოგად ჯანმრთელობაზე

23 ნოემბერი 2023

თეთრი და მბზინვარე კბილები ადამიანის ვიზუალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც თავდაჯერებულობას გვმატებს  და  ქმნის დაუვიწყარ, მომხიბვლელ ღიმილს. კბილების ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღეჭვისა და საკვების მონელების პროცესის გამარტივებით. სიმეტრიული კბილთა მწკრივი და ჯანსაღი პირის ღრუ ასევე გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრია. პირის ღრუ და კბილების ჯანმრთელობა კავშირშია, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიურ პროცესთან და ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა კბილების დაზიანებას, მორყევას და მათ დაკარგვასაც კი იწვევს.

რა კავშირია კბილების სიჯანსაღესა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს შორის?

ფერშეცვლილი კბილები - თუ თქვენმა კბილებმა დროთა განმავლობაში ფერი შეიცვალა და მის ზედაპირზე გაჩნდა მიკროსკოპული ლაქები ან რთულად შესამჩნევი ბზარები, შეიძლება ორგანიზმი კალციუმის ნაკლებობას განიცდიდეს. კბილის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება სწორედ კალციუმია, რომლის მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია საკვების სახით. კალციუმს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: რძე, ხაჭო, არაჟანი, თევზი, სტაფილო, ჭარხალი, პარკოსნები, ნუში, ყურძენი, თაფლი, ფორთოხალი, მარწყვი და ასე შემდეგ.

კბილების მომატებული მგრძნობელობა და ფერმკრთალი სახის კანი - თუ პაციენტს კომბინირებულად აღენიშნება ეს ორი სიმპტომი, შესაძლოა საკითხი ეხებოდეს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზმში კალციუმის შეწოვისათვის აუცილებელია ვიტამინი D-ს ბალანსი. სწორედ ამიტომ, კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კბილების გაჯანსაღებისათვის დანიშნული მედიკამენტები კალცთან ერთად, შეიცავენ ვიტამინ D-საც. ადამიანის ორგანიზმი D ვიტამინს საკვებთან ერთადაც იღებს, თუმცა, მას გააჩნია უნიკალური თვისება - წარმოქმნას ვიტამინი მზის სხივების ზემოქმედებით. ამიტომ, D ვიტამინით მდიდარი საკვებთან ერთად: ცხიმიანი თევზი, განსაკუთრებით ორაგული, კვერცხის გული, წითელი ხორცი, ღვიძლი, მზიან დღეს ფეხით სეირნობა დაგეხმარებათ ჯანმრთელი ორგანიზმისა და მიმზიდველი ღიმილის შენარჩუნებაში.

არაჯანსაღი ფერისა და ფორმის ღრძილები - შეშუპებული და ფერშეცვლილი ღრძილები, ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესზე მეტყველებს. პროცესი შესაძლოა მიმდინარეოდეს ლოკალურად პირის ღრუში ან/და ორგანიზმში სხვა კონკრეტულ უბანზე. თუ პაციენტს აღენიშნება ნორმალურზე მეტად ფერშეცვლილი ღრძილები (იქნება ეს შეწითლებული, თუ გაფერმკრთალებული რბილი ქსოვილი) მიზანშეწონილია მან კონსულტაციის მიზნით მიმართოს პროფესიონალს.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ პროფესიონალთა გუნდის რჩევები

ჩვენი გუნდი გირჩევთ, დაიცვათ ქვემოთ მოცემული სულ რამდენიმე წესი და დიდი ხნის მანძლზე შეინარჩუნოთ, ჯანსაღი პირის ღრუ და ჯანმრთელი კბილები:

  • შეამცირეთ საკვებ რაციონში კარიესის გამომწვევი ნახშირწყლების მიღება;
  • გაზარდეთ  მცენარეული უჯრედისის მიღება, რომელსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს. უჯრედისის გადამუშავება პირის ღრუს ბაქტერიების მიერ ვერ ხდება, შესაბამისად, ისინი გამრავლებისთვის მას, როგორც საკვებს, ვერ გამოიყენებენ;
  • დააკვირდით თუ რა ფორმით მოიხმართ ხილსა და ბოსტნეულს. უფრო სასარგებლოა მიირთვათ მთლიანი ვაშლი ან სტაფილო, ვიდრე იგივე მიიღოთ წინასწარ გახეხილი ან წვენის სახით - სტრუქტურულად მაგარი საკვები ბუნებრივად ახდენს კბილების გასუფთავებას, ამაგრებს ემალს და ეხმარება მათ სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
  • მიიღეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც აძლიერებენ ნერწყვის გამოყოფას (სეკრეციას). ასეთებია: მჟავე ხილი და ბოსტნეული, ხორციანი (ცილოვანი) და კომბოსტოს ნახარშები. ნერწყვს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, რეცხავს ბაქტერიებს კბილებიდან და შესაბამისად, უზრუნველყოფს კარიესის პრევენციას. ნერწყვში არსებული ანტიბაქტერიული ნივთიერება ლიზოციმი, აღწევს მინანქარში და ამაგრებს მას.
  • დალიეთ წყალი - მისი სათანადო რაოდენობის მიღება პირდაპირ კავშირშია კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობასთან. სასმელ წყალს შეუძლია გააძლიეროს თქვენი კბილის მინანქარი და გახადოს ნაკლებად მიდრეკილი კარიესისკენ.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ თქვენს პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი და მიმართოთ მას ნებისმიერი, თუნდაც „უმნიშვნელო“ პრობლემის გაჩენისთანავე. სანდო და პროფესიონალი სტომატოლოგი დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და მოახდინოთ კბილებისა და ღრძილების დაავადებების პრევენცია. 

ჩვენს კლინიკაში (თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) დაგხვდებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით - გადახდის გადანაწილება და გამოიყენონ საბანკო განვადება.