Disable Preloader

ბლოგი

რა არის გნათოლოგია?

29 ნოემბერი 2021

 გნათოლოგია (Gnathology)  - ეს არის სტომატოლოგიის ერთ-ერთი თანამედროვე დარგი, რომელიც ყბის, კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების ურთიერთკავშირს შეისწავლის. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ყბის და კბილების სისტემის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, მჭიდროდ არის დაკავშირებული სტომატოლოგიის ყველა სხვა დანარჩენ დარგთან, იქნება ეს ორთოდონტია, ორთოპედია და სხვა მრავალი მიმართულება. გნათოლოგიის წესების გათვალისწინება ხდება ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ნებისმიერი ოკლუზიური რეკონსტრუქციის მთავარ საწყის რგოლს - გნათოლოგიური მკურნალობა წარმოადგენს.

ყოველი არევა პირის ღრუში იქნება ეს თერაპიული მკურნალობა, თუ ყბა-კბილთა რთული რეკონსტრუქციის ხანგრძლივი პროცესი, უნდა განხორციელდეს პაციენტის ყბისა და სახის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. არასწორად ჩატარებულმა ორთოპედიულმა, ორთოდონტიულმა, თერაპიულმა  თუ სხვა ნებისმიერი სახის სტომატოლოგიურმა მკურნალობამ შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქლისა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. მაგალითისათვის, პრობლემები შესაძლოა გამოხატულ იქნას  შემდეგი სიმპტომების სახით: ტკივილი ყბისა და ზედა  სახის მიდამოში, ძვლების ერთგვარი ტკაცუნი, ყბის კუნთის დაჭიმულობა, პირის ფართოდ გაღების შეზღუდვა, შუილის მსგავსი ხმა  ყურებში. გნათოლოგს შეუძლია სწრაფად განსაზღვროს პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, აღადგინოს პირის ღრუს სტომატოლოგიური ჰარმონია, გააანალიზოს პაციენტის ყველა არსებული ჯანმრთელობის პრობლემა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მიხედვით და შემოგვთავაზოს პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე,  ყველაზე ოპტიმალური გზები. გნათოლოგიის მიზანია ბრუქსიზმის (ქვედა ყბის მოძრაობაში მონაწილე კუნთების ტონუსის მომატება ანუ ჰიპერტონუსი, რომლის დროსაც ხდება კბილის მაგარი ქსოვილის (იგივე მინანქრი) ცვეთა) მკურნალობა, თანკბილვის გასწორება ან კბილთა რკალის სიმაღლის აღდგენა, ქვედა ყბის ცენტრალურ პოზიციაში დაფიქსირება, საფეთქლისა და ქვედა ყბის სახსარში წარმოქმნილი სხვადასხვა ჩივილების გაქრობა. მკურნალობა მოიცავს 4-დან 6 თვეს, სპეციალური გამჭვირვალე კაპების მეშვეობით, რომელიც თავსდება ქვედა ყბის კბილებზე და პაციენტისათვის საკმაოდ კომფორტული მოსახმარია.

როდის დგება გნათოლოგიური მკურნალობის საჭიროება?

გნათოლოგიური მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებში, ყბისა და  კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების პრობლემებმა, შესაძლოა მრავალი  სხვადასხვა სიმპტომით იჩინოს თავი. ესენი შეიძლება იყოს:  დაჭიმულობა სახისა და სახსრის მიდამოში, პირის გაღების შეზღუდვა, შუილის მსგავსი ხმა  ყურებში, თავის ტკივილი (დილით) და ტკივილი საფეთქელსა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში.  იმ შემთხვევაში, თუ  პაციენტს აწუხებს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი, ან რამდენიმე, გნათოლოგიური მკურნალობის ჩატარება აუცილებელია. საჭიროა დაიგეგმოს  ვიზიტი გნათოლოგთან და მოხდეს  პაციენტის პირის ღრუს დათვალიერება და საჭიროებისამებრ დიაგნოსტიკური რენტგენის გადაღება სახსრების მიდამოში.

გნათოლოგიური და ორთოდონტიული მკურნალობა მოზარდებში.

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემისა თუ კაპებისა და ფირფიტების საშუალებით დღესდღეობით მოზარდ პაციენტებში ფართოდაა გავრცელებული. იგი ეფექტურია ნებისმიერ ასაკში თუმცა უმეტეს წილად მას 10-დან 14 წლამდე მიმართავენ, რადგან ამ დროს პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. ადრეულ ასაკში, ცვლადი თანკბილვის დროს კბილების კონტაქტები მუდმივად იცვლება, შესაბამისად სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით, გნათოლოგიური მეთვალყურეობისა და  მკურნალობის დაწყება, ორთოდონტიულ მკურნალობასთან ერთად, მიზანშეწონილია ორთოდონტიული მკურნალობის პროცესის ბოლო ფაზაში, 13-14 წლის ასაკიდან, მაშინ როცა ყბის ძვლის ჩამოყალიბების პროცესი დასასრულისკენ მიდის.

როგორ მიმდინარეობს გნათოლოგიური მკურნალობა?

მკურნალობის პირველ ეტაპზე აუცილებელია პაციენტის ინფორმირება, რადგან უშუალოდ პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია ამ ახალი დარგის შესახებ. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ნევროლოგის, ყბა-სახის ქირურგისა თუ  ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციების პარალელურად პაციენტმა უნდა გაიაროს გნათოლოგის კონსულტაციაც. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჩატარდეს 3D რენტგენი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მიდამოში და უნდა  მოხდეს კბილთა რკალის სიბრტყის განსაზღვრა. 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მილიმეტრებში. ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტიკა ხდება უახლესი Orthopos SL 3D აპარატით. შემდგომ ეტაპზე გნათოლოგი ადგენს პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას.

სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმარება და მაქსიმალური ხარისხით შესრულებული სტომატოლოგიური მანიპულაცია, როგორც გნათოლოგიური ასევე სხვა სახის მკურნალობა, ჯანსაღი ღიმილის საწინდარია.

 

შეიძლება დაგაინტერესოთ: