Disable Preloader

ბლოგი

დიაბეტი და პირის ღრუს დაავადებები

16 მაისი 2022

შაქრიანი დიაბეტი ესაა დაავადება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის  ორგანიზმზე, მათ შორის  პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. პირის ღრუს პრობლემებს ნახშირწყლოვანი ბალანსის დარღვევა იწვევს, რაც მოგვიანებით ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლასაც განაპირობებს. დაავადების პირველი ნიშანი ხშირად, სწორედ პირის ღრუს ჯანმრთელობის ცვლილებებია. ამიტომ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების სტომატოლოგიურ გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ის წინ უსწრებს საერთო კლინიკური სურათის განვითარებას.

 

რა სტომატოლოგიური დაავადებებისკენაა მიდრეკილი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი?

  • რძილების ანთება (გინგივიტი, პაროდონტიტი). ლეიკოციტების ფუნქციის დარღვევის გარდა დიაბეტი იწვევს სისხლძარღვების კედლების გასქელებას, შედეგად ნელდება საკვები ნივთიერებების ქსოვილებამდე მიტანის და მეტაბოლიზმის პროცესი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ორგანიზმის იმუნიტეტი კლებულობს. დიაბეტიან პაციენტებში პაროდონტიტით დაავადების სიხშირე 90%-ს აღწევს. განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების ფონზე წარმოშობილი პაროდონტიტი კბილების დაკარგვის და ყბა-კბილთა სისტემის მოშლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ამას გარდა პაროდონტის დაავადება უარყოფითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, რადგან მუდმივად ხდება ინფიცირებული ნერწყვის გადაყლაპვა.
  • პირის ღრუში ქსოვილების ცუდი შეხორცება. იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დიაბეტი და არ გადიან მედიკამენტოზური მკურნალობის კურსს, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც  ქირურგიული ოპერაციების ან სხვა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების შემდგომ, შეხორცების პროცესი მიმდინარეობს რთულად.
  • პირის ღრუს კანდიდოზი (რძიანა). კანდიდოზი სოკოვანი დაავადებაა რომელიც ხშირად ემართებათ დიაბეტის მქონე ისეთ პაციენტებს, რომლებიც  სხვადასხვა ინფექციებთან საბრძოლველად იღებენ ანტიბიოტიკებს. მსგავსი პაციენტები  წარმოადგენენ სოკოვანი დაავადების განვითარების მაღალ რისკ ჯგუფს.
  • პირის ღრუში ან ენაზე წვის შეგრძნება- ეს სიმპტომიც, ისევე როგორც რძიანა, დაკავშირებულია პირის ღრუს  სოკოვან ინფექციასთან.

 

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუკი დიაბეტის მქონე პაციენტი მოიხმარს თამბაქოს რეგულარულად, ჩამოთვლილ დაავადებათა განვითარების რისკი მატულობს მინიმუმ 20-ჯერ.

 

შაქრიან დიაბეტს (თუკი ის ცუდად კომპენსირებულია და პაციენტი არ იღებს შესაბამის მედიკამენტებს) მუდამ თან ახლავს მინერალური ცვლის დარღვევა, ეს კი აისახება ორგანიზმში მაგარი ქსოვილების მდგომარეობაზე. ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილი – კბილის მინანქარია. კბილის კვება ხდება, როგორც პირის ღრუდან, ასევე მიკროსისძლღარღვოვანი წრიდან.  მინერალური ცვლის დარღვევა კი იწვევს ორგანიზმიდან კალცის, ხოლო შემდგომ ფტორის გამოდევნას. როდესაც კალცი და ფტორი არასაკმარისი რაოდენობითაა, ემალი ხდება მყიფე. მასში მარტივად აღწევენ ბაქტერიების მიერ გამოყოფილი მჟავები და იზრდება კარიესის განვითარების რისკი. კარიესის პროგრესირების მაღალი მაჩენებელი კი განპირობებულია დენტინის (დენტინი – მინანქარის ქვეშ მდებარე კბილის ქსოვილია) მილაკების გაფართოებით, რაც ამარტივებს ინფიცირების პროცესს.

 

შეარჩიეთ თქვენი სტომატოლოგი სწორად.

სტომატოლოგთან ვიზიტი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის ისეთივე რეგულარული უნდა იყოს, როგორც ენდოკრინოლოგთან. ( რეკომენდებული არის წელიწადში მინიმუმ 3 - 4 ვიზიტის განხორციელება) სწორედ ამიტომ გასაკუთრებით მნიშვნელოვანია სტომატოლოგის სწორი შერჩევა. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტის შემთხვევაში სტომატოლოგმა უნდა იცოდეს, რომ მსგავს პაციენტებს მომატებული აქვთ ტკივილის შეგრძნება, ისინი მალე იღლებიან, ხოლო მათი    იმუნიტეტი დაქვეითებულია. სტომატოლოგმა დიდი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს დიაბეტიანი პაციენტისათვის იმპლანტის გაკეთების დროსაც. ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, კბილის იმპლანტების  განთავსება არ არის სასურველი.  ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კონტროლირებადია პაციენტის სისხლში შაქრის შემცველობა.  რაც შეეხება კბილის ამოღებას,  შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტისათვის, კბილის ამოღება  სასურველია მოხდეს დილის საათებში, ინსულინის გაკეთების და საუზმის შემდგომ.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ შაქრიანი დიაბეტის დროს?

  • შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტმა, უნდა დაგეგმოს ვიზიტები სტომატოლოგთან რეგულარულად  წელიწადში 3-4 ჯერ. უნდა მოხდეს პირის ღრუს დათვალიერება და  პროფესიული წმენდა.
  • 6 თვეში ერთხელ სასურველია კბილების რემინერალიზაციის ჩატარება. არსებობს რემინერალიზაციის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად კბილის ზედაპირზე ხდება სხვადასხვა პრეპარატების მოთავსება.

 

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ თქვენ დაგვხვდებათ პროფესიონალ ექიმთა გუნდი. ჩვენ  ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე და შეგიქმნით კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს.

 

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს:  სტომატოლოგიური კლინიკა ფასები