რას ვგულისხმობთ მაშინ, როცა ვსაუბრობთ ძვლის ქსოვილის აღდგენაზე?
პირის ღრუში ძვლის ქსოვილის აღდგენა, იგივე სუბანტრალური აუგმენტაცია დღესდღეობით საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელსაც ძირითადად იმპლანტაციის მოსამზადებელ ეტაპზე მიმართავენ. სინუს ლიფტინგი, ეს არის ძვლოვან-პლასტიკური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილის საჭირო მოცულობის შექმნა ხდება. დენტალური იმპლანტაცია ნიშნავს დაკარგული კბილის ადგილზე ხელოვნური კბილის ჩასმას. ხელოვნური კბილი კი იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და მთლიანად აღადგენს ღეჭვის ფუნქციასა და ვიზუალურ ესთეტიკას. იმპლანტაციის დროს, არარსებული ან ამოღებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში ისმევა იმპლანტი, რომელიც ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი ძვლის მოცულობა იკარგებ სწორედ ამიტომ, პაციენტს იმპლანტაციის ზონაში სჭირდება დამატებითი მყარი ქსოვილი რათა შესაძლებელი იყოს იმპლანტის ჩანერგვა თითქმის ყოველი მესამე პაციენტი, რომელიც საჭიროებს იმპლანტაციას, ზედა ყბის გვერდით სეგმენტში, ასევე საჭიროებს ძვლის ქსოვილის აღდგენასაც (სინუს ლიფტინგი) – ძირითადად, აღნიშნული მანიპულაციის ჩატარების აუცილებლობა დაკავშირებულია პაციენტის ყბისა და სახის ანატომიურ თავისებურებებთან.
დაკარგული კბილის ადგილზე იმპლანტის ჩასმის საჭიროების გარდა, ძვლის ქსოვილის აღდგენის საჭიროება შეიძლება გაჩნდეს მაშინაც, როდესაც პაციენტს აქვს პაროდონტიტის დაავადებები. პაროდონტიტი ღრძილების ანთებითი დაავადებაა და მისი საწყისი (პირველი) სტადია თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადება შესამჩნევი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იწყება ღრძილების ანთება. რაც უფრო მძიმდება პაროდონტიტის ფორმა, მით უფრო დიდი საფრთხის ქვეშ ექცევა ყბის ძვალი. ღრძილების განლევის გამო, კბილის ფესვი და მის გარშემო ძვლოვანი სივრცე მოშიშვლებულია და ორგანიზმი ვერ უზრუნველყოფს მათ დაცვას გარემო ფაქტორებისაგან. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა და როგორც ძვლის ასევე ღრძილის ქსოვილების აღდგენა .
ძვლის ქსოვილის აღდგენისას, თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოიყენება ორი მეთოდი. პირველი, ესაა ძვლის აღდგენა ხელოვნური ძვლის სინთეტიკური (ხელოვნური) მასალით. მეორე მეთოდი - პაციენტის ყბაში თავსდება ძვალი, ყბის სხვა ნაწილიდან (აუტოტრანსპლანტაცია - ანუ საკუთარი ძვლის გადანერგვა). ქირურგიული ჩარევის შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს გადანერგილი ძვლის ქსოვილის ინტეგრაცია არსებულ ძვლის ქსოვილთან. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის პირის ღრუს მახასიათებლებიდან გამომდინარე, საკმარისია მცირე ზომის ძვლის ქსოვილის გადანერგვა, იმპლანტის ჩასმა იმავე დღეს არის შესაძლებელი. უშუალოდ ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, პირველ ეტაპზე, პაციენტის პირის ღრუში, ზედა ყბის გვერდით მხარეზე (როგორც წესი საიმპლანტაციო ველის თავზე) კეთდება ერთგვარი ფანჯარა, რომელიც აძლევს საშუალებას ექიმს, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, შეაღწიოს ზედა ყბის წიაღში. ეს „პატარა ფანჯარა“ იქმნება ფრეზის (ბორი) ან ულტრაბგერის ზემოქმედებით. შესასვლელის გაკეთება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპია სუბანტრალური აუგმენტაციის დროს, ვინაიდან მნიშვნელოვანია ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის მთლიანობის შენარჩუნება. მეორე ეტაპზე, სპეციალური იარაღების საშუალებით უკვე ხდება ლორწოვანი გარსის მაღლა აწევა, რათა მის ქვეშ შეიქმნას თავისუფალი სივრცე - სამუშაო არეალი. სინუს ლიფტინგის ოპერაციის წარმატებით დასრულებაში, გადამწყვეტ როლს თამაშობს – სწორად შერჩეული იარაღები და კარგი მხედველობის არე და რაღა თქმა უნდა ექიმის პროფესიონალიზმი.
ძვლის ქსოვილის აღდგენის მეთოდიდან გამომდინარე, შემდგომ ეტაპზე ხდება შექმნილი სივრცის,ოსტეოპლასტიური მასით (ხელოვნური ძვლის მასა) ამოვსება, ან ექიმი იყენებს პაციენტის პირის ღრუდან აღებულ ბუნებრივი ძვლის ნაწილს. ოპერაციის საბოლოო ეტაპზე, შექმნილი ფანჯარა იხურება ბარიერული მემბრანით. შემდგომ, საოპერაციო ველი სრულად იხურება და იკერება. სინუს ლიფტინგის (სუბანტრალური აუგმენტაცია) ოპერაციის ჩატარების შემდგომ ეტაპზე ძირითადად პაციენტებს ახასიათებთ ყბის წიაღის ტკივილი რამოდენიმე დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ შეხორცების პროცესი გართულებების გარეშე დასრულდეს, საჭიროა პაციენტმა გაითვალისწინოს ექიმის ყველა რეკომენდაცია. გამოიყენოს შესაბამისი სავლებები და ანტიბიოტიკური პრეპარატები. რეაბილიტაციის პროცესი რამოდენიმე დღე გრძელდება, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის, პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მალე მიიღოთ, თქვენი საოცნებო ღიმილი. ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე, ხოლო სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი ნომერზე: (+995) 322 22 15 16