Disable Preloader

ბლოგი

ფისურების ჰერმეტიზაცია - მშვიდობით კარიესო

09 ნოემბერი 2023

წარმოუდგენელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანსაღი, მიმზიდველი ღიმილი. ჯანმრთელი კბილების ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღეჭვისა და საკვების მონელების პროცესის გამარტივებით. სიმეტრიული კბილთა მწკრივი და ჯანსაღი პირის ღრუ გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრიაც კი. იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები, აუცილებელია ვიზრუნოთ არა მარტო კარიესული დაავადებების მკურნალობაზე, არამედ მათ პრევენციაზეც. კარიესის თავიდან ასაცილებლად, ფისურების ჰერმეტიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტომატოლოგიური მეთოდია. 

რა არის კბილის ფისური?

ადამიანის კბილების ზედაპირის ანატომიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მათი ჯაგრისისა თუ ირიგატორის საშუალებით სრულად გაწმენდა და ბაქტერიების საფარისაგან ასი პროცენტით გათავისუფლება თითქმის შეუძლებელია. კბილის ჯაგრისისა და სავლების გამოყენების შემდგომაც კი, კბილის ზედაპირის მხოლოდ 88 პროცენტის გასუფთავება არის შესაძლებელი. ყველაზე რთულად მოსავლელი და გასაწმენდი კბილები უკანა საღეჭი კბილებია - იგივე მოლარები. მოლარების საღეჭი ზედაპირის (ანუ კბილის გვირგვინის ზედა ნაწილი)  ანატომიური აგებულება არაერთგვაროვანია. კბილის კედლები შედარებით ამობურცულია, ხოლო შუა ნაწილში განლაგებულია ღარები, რომელთაც სამედიცინო ენაზე ფისურები ეწოდება. ფისურები ვიწრო და საკმაოდ ღრმაა, რაც ართულებს ჯაგრისითა თუ პირის ღრუს ირიგატორით მათ გაწმენდას. ამ ღარებში საკვები ნარჩენების მიკროსკოპული ნაწილების მოხვედრა და შემდგომ მათი ლპობა, პირდაპირ პროპორციულად იწვევს ბაქტერიების გამრავლებას, რაც კბილის მინანქრის დაშლისა და კარიესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინარე ფაქტორია.

რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ კბილის ფისურების ჰერმეტიზაციაზე?

კბილის ზედაპირზე არსებული ღარების ამოვსება ხელს უშლის მათში საკვების ნარჩენების შეღწევას და შესაბამისად - წარმოადგენს კარიესის პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას, როგორც ზრდასრულებისათვის, ასევე მოზარდებისა და მცირეწლოვნებისათვის. მეტიც, რაც უფრო მალე მოხდება პაციენტის პირის ღრუში ფისურების ჰერმეტიზაცია, მით უფრო დიდი ხნის მანძლზე შეუნარჩუნდება მას კარიესისაგან თავისუფალი, ჯანსაღი კბილები. ფისურების კარიესი, პირველ ეტაპზე, ვითარდება კბილების ამოჭრიდან 1-2 წლის განმავლობაში. პირველი მუდმივი მოლარები ბავშვს 6-8 წლის ასაკში ამოეჭრება, ამიტომ ფისურების ჰერმეტიზაცია ამ ასაკში უფრო ეფექტურია. მაშინ, როდესაც კბილები ჯერ კიდევ დაუზიანებელია კარიესისგან და მათი „ჯანმრთელად შენარჩუნების“ ალბათობა ყველაზე მაღალია.

როგორ ხდება კბილის ფისურების ჰერმეტიზაცია?

კბილის ფისურების ჰერმეტიზაციისათვის გამოიყენება სპეციალური სტომატოლოგიური საშუალება - სინთეტიკური შემდაგენლობის მქონე თხევადი ნივთიერება -  სილანტი, რომელიც ისხმება კბილის ღარის დამუშავებულ არეალში და შემდგომ მყარდება. ფისურების ჰერმეტიზაციის წინ, სტომატოლოგი კბილის ზედაპირს სპეციალური ჯაგრისით ასუფთავებს. მხოლოდ სუფთა და მშრალი ზედაპირზეა შესაძლებელი სილანტის გამოყენება. მას შემდეგ, რაც სილანტი ჩააღწევს ღარში და ამოავსებს მას, სტომატოლოგები იყენებენ სპეციალურ სამედიცინო ნათურას, რომლის საშუალებითაც მყარდება სილანტი.  მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამშრალი და გამყარებული სილანტი არ უნდა უშლიდეს ხელს ღეჭვასა თუ პირის აპარატის სხვა ფუნქციის შესრულებას. სწორედ ამიტომ, პროფესიანალმა სტომატოლოგმა, სილანტის ჰერმეტიზაციის შემდგომ, სპეციალური დაფერილი ქაღალდის საშუალებით, უნდა შეამოწმოს კბილის ზედაპირის ფორმა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის სურვილისამებრ, დააკორექტოს იგი. ევროპის მოწინავე სამედიცინო უნივერსიტეტებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს სილანტით მკურნალობა კარიესის პრევენციის პროცესში. კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ჰერმეტიკების გამოყენების შედეგები შთამბეჭდავია: სილანტების გამოყენების შემდგომ, კბილის დაცულობა პირველ წლებში თითქმის 80%-ს უტოლდება. 5 წლის შემდეგ – 70%, ხოლო 10 წლის შემდეგ 30%-ს. სწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში, პირის ღრუში კარიესის განვითარების ალბათობა მცირდება 70-80%-ით. 

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ თქვენი და თქვენი შვილების პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და თავიდან აიცილოთ კარიესის განვითარება. ჩვენს კლინიკაში (თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11)  თქვენ დაგხვდებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით და გამოიყენონ საბანკო განვადება. 

სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16