საზოგადოების ფართო მასებში გავრცელებულია აზრი, რომ კბილთა მწკრივის ანომალიის ბრეკეტებით მკურნალობა მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაშია წარმატებული. ეს აზრი მცდარია. კბილების ბრეკეტ სისტემით გასწორება თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე არის შესაძლებელ, ხოლო მკურნალობის შედეგი გარანტირებულია. გაითვალისწინეთ, რომ მანამ, სანამ გადაწყვეტთ ბრეკეტ-სისტემის დაყენებას და დაჯავშნით ვიზიტს ორთოდონტთან, აუცილებელია მოიწესრიგოთ კბილები და პირის ღრუსთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. მიმართეთ სტომატოლოგს, იმკურნალეთ კარიესი და გაიწმინდეთ კბილები პროფესიონალურად. რაც უფრო ჯანსაღია კბილები, ბრეკეტებით მკურნალობის პროცესში, პაციენტი მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რადგან, ბრეკეტ-სისტემის ყოველდღიური ხმარების ერთგვარ დისკომფორტს, თან აღარ ერთვის დაზიანებული კბილის მკურნალობის აუცილებლობით გამოწვეული, დამატებითი პრობლემები.
მეტალის ბრეკეტები - დღესდღეობით კლინიკურ პრაქტიკაში, ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კონსტრუქციად მიიჩნევა. მეტალის თვითლიგირებადი ბრეკეტები მაგრდება კბილის გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად), იგი არის მტკიცე, საიმედო და რაც მთავარია, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ხელმისაწვდომი.
თვითლიგირებადი ბრეკეტები - მეტალისა და კერამიკის ბრეკეტების მსგავსად კბილზე გარედან მაგრდება. თვითლიგირებადი ბრეკეტების განსხვავებულ მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ბრეკეტები თავად იჭერენ რკალს, რაც ნიშნავს იმას, რომ რკალი არ არის მიმაგრებული უშუალოდ ბრეკეტზე. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ უფრო სუსტი მოჭიმვა და შესაბამისად, პაციენტისათვის მკურნალობის პროცესი გავხადოთ უფრო კომფორტული და უმტკივნეულო.
კერამიკული თვითლიგირებადი ბრეკეტები - მეტალის ბრეკეტების მსგავსად, კერამიკული ბრეკეტებიც კბილის გარეთა ზედაპირზე მაგრდება. მისი ფერი შესაძლებელია ნებისნიერი ტონის კბილთან იყოს შესაბამისობაში, რის გამოც იგი მეტალის ბრეკეტებთან შედარებით ნაკლებად შესამჩნევია. სწორედ ვიზუალური ეფექტის გამო, დღეს პაციენტთა უმრავლესობა კერამიკულ ბრეკეტებს ირჩევს.
საფირის ბრეკეტი - საფირის ბრეკეტები მზადდება ხელოვნურად შექმნილი საფირებისგან, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა ადამიანისათვის. საფირის ბრეკეტის მთავარი უპირატესობა მისი ვიზუალია, იგი კერამიკის ბრეკეტთან შედარებით უფრო გამჭირვალე.
ლინგვალური ბრეკეტები - ანუ კბილის შიდა ბრეკეტები ორთოდონტიული მკურნალობის უახლესი მეთოდია. ლინგვალური ბრეკეტი მაგრდება კბილის ზედაპირზე, ენის მხრიდან, რაც სრულიად შეუმჩნეველს ხდის მას ვიზუალურად. ხშირ შემთხვევაში ლინგვალურ ბრეკეტებს ირჩევენ ის პაციენტები, რომელთაც არ სურთ, რომ ბრეკეტ სისტემა ვიზუალურად შესამჩნევი იყოს.
ელაინერები - ბრეკეტების ნაცვლად, ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია ინდივიდუალური კაპებით, იგივე ელაინერებით. კაპებით მკურნალობის უპირატესობა არის ის, რომ ვიზუალურად არ ჩანს, და პაციენტს შეუძლია მისი მოხსნა სურვილისამებრ ნებისმიერ დროს.
ბრეკეტების დაყენების პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს სპეციფიკასა და ჩასატარებელი სამუშაოს სირთულეზე. შესაბამისად ყოველი პროცედურა ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადად 45-დან 60 წუთამდე გრძელდება. უშუალოდ ორთოდონტთან კონსულტაციის დღეს, მაშინ როცა უკვე უნდა დაყენდეს ბრეკეტ სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტმა გაითვალისწინოს სულ რამდენიმე მარტივი წესი. გაიხეხეთ კბილები ჯაგრისით, ეს დაგეხმარებათ შეძლებისდაგვარად მოიშოროთ კბილზე არსებული ზედმეტი ნადები.
ამასთანავე, მოერიდეთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც ადვილად შეიძლება დაგროვდეს კბილთა შორის სივრცეში (მაგალითად: თხილი, პოპკორნი, ასევე ფორთოხალი, კივი და ა.შ.) ორთოდონტთან ვიზიტამდე აუცილებლად მიირთვით საკვები და კარგად დანაყრდით, რადგან მეცნიერულად დადგენილია, რომ დანაყრებული ადამიანი უფრო ნაკლებ ნერწყვს გამოყოფს ვიდრე მშიერი. ნაკლები ნერწყვის გამოყოფა კი ბრეკეტების დაყენების პროცესს თქვენთვის შედარებით უფრო კომფორტულს გახდის. რაც შეეხება კბილების გათეთრებას ბრეკეტების დაყენებამდე, „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სპეციალისტები კბილების გათეთრების პროცედურას რეკომენდაციას უწევენ, არა ბრეკეტ - სისტემის დაყენებამდე, არამედ მკურნალობის შემდგომ, რადგან პირველ რიგში გათეთრების შედეგი ასე უფრო შესამჩნევი იქნება, როგორც თქვენთვის ასევე გარშემომყოფთათვის. ხოლო კბილების წმენდა რეკომენდირებულია 6 თვეში ერთხელ.
მას შემდეგ, რაც თქვენ გაიკეთებთ ბრეკეტებს და დაიწყებთ მკურნალობის პროცესს მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა ცვლილებების შეტანა მოგიწევთ პირის ღრუს მოვლის ყოველდღიურ რუტინაში. კბილები აუცილებლად უნდა გაიხეხოთ ყოველი ჭამის შემდეგ, არანაკლებ 10 წუთისა. ერთბოჭკოიანი ჯაგრისი წმენდს ბრეკეტებს და მის მიმდებარე ზედაპირებს, კბილთა შორის სივრცეებს, კბილებს ღრძილის გასწვრივ. ბრეკეტებით მკურნალობისას არ შეიძლება დაღეჭოთ, ჩაკბიჩოთ ან დაღრღნათ მყარი საკვები. რაც მთავარია, მოერიდეთ საღეჭ რეზინს.