Disable Preloader

ბლოგი

პირის ღრუს მოვლის საშუალებები

04 ოქტომბერი 2024

სახლის პირობებში პირის ღრუს იდეალურად მოსავლელად, ჯაგრისის გარდა, საჭიროა საშუალებები, რომლებიც კბილთაშორისი სივრცეების წმენდისთვის გამოიყენება. 

პირის ღრუს ირიგატორი და კბილთაშორისი ჯაგრულა.

ფლოსი იგივე კბილების ძაფი უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი საშუალებაა რომელიც კბილების წმენდის რუტინის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ფლოსი გეხმარებათ გაასუფთაოთ კბილის გვერდითა მხარეები. ასევე ძალიან ეფექტური საშუალებაა ირიგატორი, რომელიც არ ცვლის ჯაგრისს, არამედ გამოიყენება მასთან ერთად. ირიგატორი წყლის ჭავლის გამოყენებით მექანიკურად რეცხავს კბილთაშორის სივრცეებს და აშორებს ნადებს. კვლევები ადასტურებს, რომ ირიგატორის გამოყენებით, ნადები მცირდება 99%-ით, რადგან ირიგატორის წყლის ჭავლი აღწევს კბილთაშორის სივრცეებში. ირიგატორი ბრეკეტ სისტემის, ორთოპედიული კონსტრუქციების და იმპლანტების დროს ჰიგიენის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.პირის ღრუს ირიგატორს აქვს მასაჟის ეფექტი, რომელიც ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას. პირის ღრუს რბილ და მაგარ ქსოვილებს აქტიურად მიეწოდებათ სისხლი, რაც თავის მხრივ, ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილის გარანტია. 

კბილის ჯაგრისი

სწორი ჯაგრისის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად კბილების გახეხვის პროცესი. არასწორად შერჩეულმა კბილის ჯაგრისმა შესაძლოა დააზიანოს პაციენტის  კბილის მინანქარი და ღრძილები.  12 წლამდე ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ღრძილებისა და მინანქრის პრობლემები აქვთ, რბილი ჯაგრისის გამოყენებაა რეკომენდებული. ასევე უმჯობესია ჯაგრისის თავი პატარა ზომის იყოს, რათა მარტივად გაწმინდოს რთულად მისაწვდომი ადგილები. ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლად კი, პერიოდულად, ჯაგრისი უნდა გამოიცვალოს. რეკომედირებულია ჯაგრისის საშუალოდ 2 თვეში ერთხელ გამოცვლა. 

კბილის ჯაგრისის თავის რეკომენდირებული ზომები ასაკის მიხედვით:

  1. 0-2 წელი - 15 მმ
  2. 2-6 წელი - 19 მმ
  3. 12+ წელი - 25 მმ

კბილის პასტები და მათი ქიმიური შემადგენლობა

შეარჩიეთ კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაშიც არ არის SIS (ნატრიუმის ლაურილ სულფატი - sodium lauryl sulfate). ნატრიუმის ლაურილ სულფატი კბილის პასტებს ქაფის წარმოქმნის მიზნით აქვს დამატებული, თუმცა ხშირია ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც  SLS  იწვევს სტომატიტს პირის ლორწოვან გარსზე და ალერგიებს. 

კბილის პასტის შეძენისას, ასევე მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ შეფუთვას. ასევე, ძალიან კარგია კბილის პასტები ფტორის შემცველობით. ფტორი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, ის არა მხოლოდ ძვლებს ამყარებს ჩვენს ორგანიზმში, არამედ ჩვენი კბილების მინანქარსაც აძლიერებს. ორგანიზმისთვის ფტორის საკმარისი რაოდენობით მიწოდება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ კბილების კარისესი თუ პირის ღრუს სხვა პრობლემები.