Disable Preloader

ბლოგი

კარიესი: რა უნდა ვიცოდეთ კბილის დაზიანების ყველაზე გავრცელებულ მიზეზზე და როგორ ვებრძოლოთ მას

19 ივნისი 2025

კარიესი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა, რომელიც სტატისტიკურად მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 95%- აწუხებს. ეს პათოლოგიური პროცესი კბილის ამოჭრის შემდეგ ვითარდება და ძირითადად პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების აქტივობითაა გამოწვეული. იგი დენტალური ქსოვილების პროგრესირებად დემინერალიზაციასა და შემდგომ განადგურებას გულისხმობს. კარიესი უმეტესად არასწორი პირის ღრუს ჰიგიენისა და კვების  შედეგია. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რა არის კარიესი, როგორ ჩნდება ის, რა სტადიები აქვს და როგორ უმკლავდება მას თანამედროვე სტომატოლოგია.

გაეცანით, როგორ დავიცვათ თავი ამ გავრცელებული პრობლემისგან და შევინარჩუნოთ ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი.

როგორ ჩნდება კარიესი და რა განაპირობებს მის განვითარებას: სიღრმისეული ანალიზი

 

ადამიანის პირის ღრუ უნიკალური ეკოსისტემაა, სადაც მრავალი მიკროორგანიზმი ბინადრობს, მათ შორის სტრეპტოკოკები, ლაქტობაცილები და აქტინომიცეტები. ეს ბაქტერიები, რომლებიც, როგორც წესი, დაბადებიდანვე გადაეცემა დედიდან, მრავლდებიან და კბილების გახეხვიდან რამდენიმე საათში მათი რაოდენობა მილიონამდეც კი შეიძლება გაიზარდოს. სწორედ ეს მიკროორგანიზმები, განსაკუთრებით კი სტრეპტოკოკები, გადაამუშავებენ საკვებიდან მიღებულ ნახშირწყლებს, მათ შორის საქაროზას, რომელიც უხვად არის რაფინირებულ შაქარში და შესაბამისად, შაქრის შემცველ ნებისმიერ პროდუქტში. ამ პროცესის შედეგად გამოიყოფა მჟავები, რომლებიც აზიანებენ კბილებს. კარიესი სწორედ ამ მჟავების ზემოქმედების შედეგად იწყება, როდესაც კბილის მაგარი ქსოვილები კარგავს მინერალებს. ამ დემინერალიზაციის პროცესი, თუკი დროულად არ მოხდა მისი შეჩერება, თანდათანობით აზიანებს მინანქარს, შემდეგ კი კბილის უფრო ღრმა შრეებსდენტინს და საბოლოოდ, ნერვსაც. ამ პროცესს ხელს უწყობს ნადების წარმოქმნა, რომელიც ბაქტერიების იდეალურ თავშესაფარს წარმოადგენს კბილის ზედაპირზე.

კვება უდიდეს როლს თამაშობს კარიესის განვითარებაში. მრავალრიცხოვანმა კლინიკურმა და ექსპერიმენტულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება და მათი პირის ღრუში ხანგრძლივად გაჩერება მნიშვნელოვნად ზრდის კარიესული დაზიანების რისკს. განსაკუთრებით საშიშია წებოვანი ტკბილეული, როგორიცაა კარამელი, კანფეტები და გამომშრალი ხილი, რომელიც კბილის ზედაპირზე დიდხანს რჩება და ბაქტერიებს მუდმივ საკვებ წყაროს აძლევს. ასევე, მჟავე სასმელები, როგორიცაა გაზიანი სასმელები, ხილის წვენები და ენერგეტიკული სასმელები, პირდაპირ აზიანებენ მინანქარს და ამზადებენ ნიადაგს კარიესის განვითარებისთვის. გარდა ამისა, გადატანილმა დაავადებებმა, რომლებიც ნერწყვის შემადგენლობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებას იწვევენ (მაგალითად, სიოგრენის სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, რადიაციული თერაპია), შეიძლება ირიბად იმოქმედონ მინანქრის დემინერალიზაციის პროცესზე და ხელი შეუწყონ კარიესის წარმოქმნას. ნერწყვის შემცირებული რაოდენობა ან შეცვლილი შემადგენლობა ამცირებს მის დამცავ ფუნქციას.

კბილის მინანქართან მიკროორგანიზმებისა და ნახშირწყლების შეხების გარეშე, კარიესის განვითარება შეუძლებელია. ამიტომ, ბაქტერიების სიმრავლე  პირდაპირი გამომწვევი მიზეზია. გარე ფაქტორებიც, მაგალითად, სხივური თერაპია თავისა და კისრის მიდამოში, ხშირად იწვევს კბილების დაზიანებას თეთრი ლაქების, შემდეგ კი კარიესული ღრუების სახით. ეს გამოწვეულია ნერწყვის ჯირკვლების დაზიანებით, რაც ამცირებს ნერწყვის დამცავ ფუნქციას და ზრდის პირის ღრუს სიმშრალეს. პირის ღრუს სიმშრალე, ანუ ქსეროსტომია, თავისთავად ზრდის კარიესის რისკს, რადგან ნერწყვი ვერ ასუფთავებს საკმარისად კბილის ზედაპირს.

კბილის ნადები, რომელიც ბაქტერიების მასაა და მჭიდროდ ეკვრის კბილის ზედაპირს, ქმნის ხელსაყრელ გარემოს მინანქრის დემინერალიზაციისთვის. ეს გამჭვირვალე, რბილი, წებოვანი მასა თითქმის მთლიანად ბაქტერიებისგან  შედგება. ნადებში ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან და გამოყოფენ მჟავებს, რომლებიც კბილის ზედაპირზე იწვევენ მომატებულ მჟავიანობას და ემალის ნელ შლას. დროთა განმავლობაში, ნადები შესაძლოა კბილის ქვად გადაიქცეს, რაც კიდევ უფრო ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას და ხელს უწყობს კარიესის და ღრძილების დაავადებების განვითარებას.

ნერწყვის დამცავი ფუნქცია კი უმნიშვნელოვანესია: ის არა მხოლოდ მექანიკურად ასუფთავებს პირის ღრუს, არამედ შეიცავს მინერალებს, როგორიცაა კალციუმი და ფოსფატი, რომლებიც ხელს უწყობენ მინანქრის რემინერალიზაციასდაზიანებული უბნების აღდგენას. ნერწყვი ასევე შეიცავს ბუფერულ სისტემებს, რომლებიც ანეიტრალებენ ბაქტერიების მიერ გამოყოფილ მჟავებს, რითაც ამცირებენ დემინერალიზაციის რისკს. ნერწყვის ჯანსაღ შემადგენლობაში ნებისმიერმა ცვლილებამ, რაც შესაძლოა ორგანიზმში განვითარებულმა გარკვეულმა დაავადებებმა ან მედიკამენტებმა გამოიწვიოს, შეიძლება კარიესის განვითარების წინაპირობა შექმნას.

კლინიკურ პრაქტიკაში კარიესის ოთხი ძირითადი სტადია გვხვდება:

  • კარიესი ლაქის სტადიაში: ეს არის საწყისი ეტაპი, როდესაც კბილი სიღრმეულად დაზიანებული არ არის, მხოლოდ მის ზედაპირზე შეინიშნება მინანქრისგან განსხვავებული, მეტად თეთრი, ცარცისფერი ლაქა. ამ დროს მინანქრის ზედაპირული შრეებია დემინერალიზებული, მაგრამ მისი სტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ასევე დაზიანება შექცევადია და ხშირად შესაძლებელია რემინერალიზაციური თერაპიით მისი აღდგენა, ფტორის შემცველი პრეპარატების გამოყენებით ან სპეციალური თერაპიული პროცედურებით. ტკივილის შეგრძნება ამ სტადიაზე, როგორც წესი, არ არის.
  • მინანქრის კარიესი: ამ სტადიაზე კბილის გარე საფარი უკვე დაზიანებულია და მასზე მუქი ფერის, ხშირად ყავისფერი ან შავი ლაქები ჩნდება. მინანქრის სტრუქტურა დარღვეულია და წარმოიქმნება მცირე დეფექტი, თუმცა დენტინი ჯერ კიდევ ხელუხლებელია. პაციენტმა შესაძლოა იგრძნოს მსუბუქი, მოკლევადიანი დისკომფორტი ცივი, ცხელი ან ტკბილი საკვების მიღების დროს.
  • კარიესის საშუალო სტადია: ლაქების ზომა და ფერი უკვე საკმაოდ შესამჩნევია. დაზიანება აღწევს დენტინის შრეს, რომელიც მინანქარზე რბილია და უფრო სწრაფად ნადგურდება. ეს იწვევს კბილის მომატებულ მგრძნობელობას ცივი, ცხელი ან ტკბილი საკვების მიმართ, რომელიც უფრო ხანგრძლივი და მძაფრი ხდება. ამ სტადიაზე შესაძლოა მოხდეს კბილის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების შეშუპებაც, თუკი ინფექცია ვრცელდება და იწვევს ღრძილების ანთებას.
  • ღრმა კარიესი: ეს კარიესის ბოლო, ყველაზე მძიმე სტადიაა, რომლის დროსაც დაზიანება აღწევს კბილის ნერვამდე (პულპა). ამ დროს ტკივილი ხდება ინტენსიური და მძაფრი. შესაძლოა განვითარდეს პულპიტინერვის ანთება, რაც უკვე სერიოზულ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. არის შემთხვევები, როდესაც მკურნალობის მიუხედავად, ნერვის გადარჩენა შეუძლებელია და საჭირო ხდება ენდოდონტიური მკურნალობა ანუ არხების დაბჟენა. თუკი დაზიანება ძალიან ღრმაა და კბილის ქსოვილის დიდი ნაწილია დაკარგულიამ დროს სტომატოლოგები კბილის ამოღებას ურჩევენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის გავრცელება და უფრო სერიოზული გართულებები, მაგალითად, ფლეგმონა ან აბსცესი.

 

კბილის კარიესის მკურნალობა და პრევენციის მნიშვნელობა: თანამედროვე მიდგომები

 

კარიესის წარმატებული მკურნალობა დროულ დიაგნოსტიკასა და შესაბამის ჩარევაზეა დამოკიდებული. მკურნალობის მეთოდი კარიესის სტადიისა და დაზიანების ხარისხის მიხედვით სხვადასხვაა.ქ ლაქის სტადიაზე ხშირად საკმარისია რემინერალიზაციური თერაპია, რომელიც კბილის მინანქარს დაკარგულ მინერალებს უბრუნებს. ეს შეიძლება იყოს ფტორის შემცველი პრეპარატების გამოყენება, სპეციალური კბილის პასტებისა და ხსნარების დანიშვნა, ან პროფესიონალური ფტორირება სტომატოლოგის კაბინეტში. მინანქრის კარიესის შემთხვევაში, როდესაც მუქი ლაქები უკვე ჩამოყალიბებულია და მინანქრის სტრუქტურა დარღვეულია, საჭირო ხდება დაზიანებული უბნის მოცილება და კბილის დაბჟენა თანამედროვე, ესთეტიკური ბჟენებით. დღესდღეობით გამოიყენება კომპოზიტური მასალები, რომლებიც მაქსიმალურად ემსგავსება კბილის ბუნებრივ ფერს და უზრუნველყოფს როგორც ფუნქციურ, ისე ესთეტიკურ შედეგს.

საშუალო და ღრმა კარიესის დროს მკურნალობა უფრო კომპლექსური ხდება. დაზიანებული ქსოვილების მოცილების შემდეგ, ღრუ საგულდაგულოდ იწმინდება და ბჟენით ივსება. მნიშვნელოვანია, რომ ბჟენი მაქსიმალურად ზუსტად აღადგენდეს კბილის ანატომიურ ფორმასა და ფუნქციას, რათა მივიღოთ  სწორი თანკბილვა. ღრმა კარიესის დროს, როდესაც ინფექცია კბილის ნერვთან ახლოსაა ან უკვე დაზიანებული აქვს ის, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ არხების დაბჟენა. ეს პროცედურა გულისხმობს დაზიანებული ან ინფიცირებული ნერვის მოცილებას, არხების დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით და მათ ჰერმეტულ დაბჟენას, რათა თავიდან იქნას აცილებული რეინფექცია. ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ, კბილი ხშირად საჭიროებს გვირგვინს, რადგან მისი კედლები დასუსტებულია. ზოგჯერ, ღრმა დაზიანებისას, კბილის გადარჩენა შეუძლებელია, რასაც შემდგომში იმპლანტაცია ან ხიდის გაკეთება მოჰყვება დაკარგული კბილის ფუნქციისა და ესთეტიკის აღსადგენად.

პრევენცია კარიესთან  ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რეგულარული და სწორი ჰიგიენა, მათ შორის კბილების დღეში ორჯერ გახეხვა ფტორის შემცველი პასტით, კბილის ძაფის რეგულარული გამოყენება ნადებისა და საკვების ნარჩენების მოსაცილებლად  და პირის ღრუს სავლები, მნიშვნელოვნად ამცირებს კარიესის განვითარების რისკს. ასევე, აუცილებელია შაქრის შემცველი პროდუქტების მოხმარების შეზღუდვა და დაბალანსებული კვება, მდიდარი ხილითა და ბოსტნეულით, რომლებიც ხელს უწყობენ ნერწყვის გამოყოფას და კბილების ბუნებრივ წმენდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში ჰიგიენური ჩვევების ადრეული ასაკიდან დანერგვა და პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან წელიწადში მინიმუმ ორჯერ საშუალებას იძლევა, მოხდეს კარიესის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და დროული ჩარევა, რაც თავიდან აგვაცილებს გართულებებს და შეგვინარჩუნებს ჯანსაღ ღიმილს. სტომატოლოგი ასევე შეაფასებს თქვენი პირის ღრუს ზოგად მდგომარეობას, მოგცემთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს ჰიგიენასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებს პროფესიონალურ წმენდას, რომელიც აშორებს ნადებსა და კბილის ქვას.

 

კარიესის მკურნალობაბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკაში

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ (ვერა, ქუჩიშვილის ქუჩა 11) გთავაზობთ კარიესის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს, უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით. ჩვენი პროფესიონალები, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, პაციენტებს უწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას. ზუსტად შეაფასებენ სამედიცინო შემთხვევას და დაგეგმავენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომპლექსურ მკურნალობის კურსს. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ აღმოვფხვრათ არსებული პრობლემა, არამედ შეგინარჩუნოთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული მასალები და აღჭურვილობა, რაც  მკურნალობის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჩვენ მზად ვართ  ვიზრუნოთ თქვენს ღიმილზე!

კონსულტაციაზე ჩაწერისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16