Disable Preloader

ბლოგი

პირის ღრუს ჯანმრთელობა და ორსულობა

08 სექტემბერი 2023

ორსულობა ქალისთვის მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა. ორსულობის ცხრა თვის მანძილზე ნაყოფის განვითარებასთან ერთად, ქალის ორგანიზმი დიდ ცვლილებებს განიცდის. მუცლადმყოფი ბავშვის კვება მთლიანად დედის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ნაყოფი ზრდის პროცესში,  დედის ორგანიზმიდან იღებს საჭირო მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. ორსულის ორგანიზმში მათი მარაგი მცირდება, რაც ყოველთვის ტოვებს კვალს ორსულის ყბის ძვალსა და კბილთა სისტემაზე. სწორედ ეს ელემენტები უზრუნველყოფენ მინანქრის სიმტკიცეს და კარიესის მიმართ რეზისტენტობას. აღსანიშნავია, რომ ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებიც ახდენს გავლენას პირის ღრუს ჯამრთელობაზე. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჰორმონების რაოდენობა იზრდება კბილ-ღრძილოვან ღარშიც, რაც ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ორსულობის მანძილზე მომავალმა დედებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს ჯანმრთელობას და თავიდან აირიდონ ნებისმიერი სახის გართულება. ორსულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლის წესებს. არასათანადოდ გაწმენდილი კბილები და სხვადასხვა კარიესული დეფექტი პირის ღრუში  საკვები ნარჩენების დაგროვებისთვის იდეალური გარემოა. ეს კი, ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ ახალი კარიესისა და ღრძილების ანთების განვითარების წინაპირობაა. ორსულ ქალებში ყველაზე გავრცელებულია პაროდონტოლოგიური დაავადებები და კარიესი. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო, ორსულები ხშირად უჩივიან სისხლდენას ღრძილებიდან და უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, რაც ღრძილების ანთებისთვისაა დამახასიათებელი. ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვე) ხშირი პირღებინება ნერწყვის მჟავიანობის გაზრდას იწვევს. ნახშირწყლები, მჟავე გარემო მიკროორგანიზმების სწრაფი გამრავლებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ  კარიესის ახალი კერების გაჩენას იწვევს.

მიზანშეწონილია თუ არა ორსულობის პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტი?

მითია, რომ ორსულობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი. ამ გავრცელებული შეხედულების გამო, ორსულები ხშირად ერიდებიან სტომატოლოგთან მისვლას, რაც კიდევ უფრო მეტად   ამძიმებს მდგომარეობას. მომავალმა დედებმა აუცილებლად უნდა მიმართონ პროფესიონალს კონსულტაციისათვის. უმჯობესია სტომატოლოგთან ვიზიტი განხორციელდეს  სამივე ტრიმესტრის დროს. „ბლიც დენტალი  - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ მომავალ დედებს დახვდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო, ხოლო ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი, ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე შეაფასებს მდგომარეობას, მოგაწვდით სანდო ინფორმაციას, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაავადებები(კარიესი, გინგივიტი, პაროდონტიტი) და აღიდგინოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა.  ორსულობის დროს, კბილების მკურნალობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი, ორსულობის მეორე ტრიმესტრია  (3-დან 6-თვემდე).  იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჩივილები აღენიშნება  პირველ ან მესამე  ტრიმესტრში, გამოკვლევა ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. სტომატოლოგი  გინეკოლოგთან შეთანხმებით ადგენს მკურნალობის გეგმას.   

მეძუძური დედა და კბილები

შესაძლებელია, კბილმა მთელი ორსულობის მანძილზე ერთხელაც არ შეგახსენოთ თავი, ხოლო ლაქტაციის დროს შეგიქმნათ პრობლემები მომატებული მგრძნობელობის, ღრძილების ანთების ან კარიესის სახით. ეს იმიტომ ხდება, რომ ძუძუთი კვების დროს, დედა რძესთან ერთად, კარგავს ორგანიზმისათვის საჭირო მინერალებს და ახალშობილს გადასცემს. ლაქტაციის პერიოდში დედის საკვები რაციონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს. ორსულობის დროს, თუ მის შემდეგ, საკვები გაჯერებული უნდა იყოს კალციუმით, ფთორით, სხვა მიკროელემენტებით, მინერალებით და  ვიტამინებით (A ვიტამინი, C ვიტამინი და D ვიტამინი). ნებისმიერი მედიკამენტის მიღება გამომდინარეობს  ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ისინი აუცილებლად უნდა შეირჩეს ექიმ-გინეკოლოგის მითითებით. გაითვალისწინეთ, რომ კალციუმით მდიდარია რძე და რძის პროდუქტები, კომბოსტო, ისპანახი, ბოლოკი.

რჩევები მომავალ დედებს, “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის” პროფესიონალთა გუნდისაგან:

  • კბილები გამოიხეხეთ ყოველი ჭამის შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში;
  • გამოიყენეთ პირის ღრუს ჰიგიენის ისეთი საშუალებები, რომელიც შეიცავს ფთორს;
  • კბილის ჯაგრისი გამოცვალეთ 3 თვეში ერთხელ;
  • არ  გამოტოვოთ პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.